„თუკი ბალანსი ირღვევა, ე.ი. მარეგულირებელი კომისია თავის როლს კარგად ვერ ასრულებს“
მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ბალანსი კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ამასთან დაკავშირებით ფოფხაძემ აღნიშნა, თუკი ბალანსი ირღვევა, ე.ი. მარეგულირებელი კომისია თავის როლს კარგად ვერ ასრულებს.
“მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ბალანსი კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის. ჩვენ გვინდა, ეს ბალანსი დაცული იყოს. ჩვენი გამოსვლები მხოლოდ ამას ემსახურება და ყველა კითხვა მიმართულია აქეთკენ. მომხმარებელი ზარალდება და ზარალდება უსამართლოდ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. არის ეს მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში და უფლებამოსილების ფარგლებში?! თუ არის, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ და მივუთითოთ მას იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებები ამ საკითხში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი. როცა ბუნებრივი მონოპოლისტები ჩნდებიან, მათ ავტომატურად უჩნდებათ ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა პირდაპირ აზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეს, აზარალებს იმ საზოგადოებრივ წესწყობილებას, რომელშიც ვცხოვრობთ. არ შეიძლება საუბარი დემოკრატიაზე, თუ ჩვენ მოქალაქეებს საძიძგნად გადავცემთ კომერციულ, იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მონოპოლია და აქვთ საშუალება, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებით მანიპულირება მოახდინონ”, – განაცხადა ფოფხაძემ პარლამენტის სხდომაზე.