ნოდარ ჯავახიშვილი USAID -ის მისიის დირექტორს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს სტივენ ჰეიკინსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში აშშ-ის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების რებილიტაციაზე, ასევე, თვითმმართველობის რეფორმაზე გამახვილდა.
ასევე მხარეებმა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით კახეთსა და აჭარაში მიმდინარეობს პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“, რომლის მიზანი ნაგავსაყრელების სათბური გაზების ემისიების შემცირებაა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მისიის დირექტორი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფარგლებში მიმიდნარე თანაშრომლობის საკითხებითაც დაინტერესდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც დაეხმარება თვითმართველობებს მათი ფუნქციის უკეთ შესრულებაში.
მხარეებმა შეხვედრის დასასრულს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.