დატოვა თუ არა მერია პრესსამსახურის ხელმძღვანელმა – პოპიაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი
თბილისის მერიაში პრესსამსახურის უფროსის თანამდებობიდან მაგდა პოპიაშვილის წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, პრესსამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა ერთი კვირის წინ კუთვნილი შვებულების შესახებ განცხადება დაწერა და შვებულებაში იმყოფება.
მაგდა პოპიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეც. „არ ვიცი, გუშინ სამსახურში იყო, მერის მოადგილე კი ვარ, მაგრამ სხვა მიმართულებით ვმუშაობ“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მაგდა პოპიაშვილის მეუღლე ირაკლი მელაშვილიც, რომელიც მთავრობის კანცელარიაში მუშაობს. „არ ვიცი, თბილისში არ ვიყავი და არ ვფლობ ინფორმაციას“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
თავად მაგდა პოპიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „კვირა“ მაგდა პოპიაშვილს სახლშიც დაუკავშირდა, თუმცა ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, რომ „მაგდა სამსახურშია და ის სახლში გვიან ბრუნდება“.
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა მერიის პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლელა გაბეჩავამ დატოვა.