პროკურატურა კუს ტბის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ძიება პროკურატურმა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოქალაქე ლიკა კიკიანმა მომართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ხსენებული მომართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.