ბათუმში „ჰით ბათუმი 2015“ მიმდინარეობს
ბათუმში„ჰით ბათუმი 2015“ მიმდინარეობს, რომელიც ფოლკლორის დღეებით გაიხსნა. „ფოლკლორის დღეებშ“ მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ბათუმის მუნიციპალიტეტბიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: „რუსთავი“, აჭარის, ქუთაისის, ანსამბლი „ბასიანი“, რომლებიც საინტერესო ნომრებს წარადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ბათუმის ღია სცენებსა და თეატრებში.
„ფოლკლორი მუსიკის უნიკალური ჟანრია, რომელიც უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები. „საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიც არის „ჰით ბათუმი 2015“ 6 ივლისს სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო და 12 ივლისამდე 14 კონცერტი გაიმართება, სადაც 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. „ჰით ბათუმი 2015“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
საერთოდ, პროექტი „ჰით ბათუმი 2015“ 11 კვირისგან შედგება და თითოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს ორთვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ღონისძიებები, რომელტა კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე პროექტში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო, მეორე მხრივ, მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.