გამოვიდა ჟურნალ „ანეულის“ ახალი ნომერი
საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ ახალი ნომრრის წარდგინება გაიმართა. წარდგინებას ესწრებოდნენ ჟურნალის მკითხველები, ქომაგნი, ავტორები, ლიტერატურის მოყვარულნი.
წარდგინება „ანეულთან“ არსებული სარედაქციო გაერთიანების წევრმა, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ „ანეული“ ღირებული ჟურნალია დღევანდელ სალიტერატურო პროცესში და დღითი დღე მისი პოპულარობა იზრდება. ამის დასტური ეს წარდგინებაცაა.
„ანეულის“ რედაქტორმა თამარ შაიშმელაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაუფინანსებლობის გამო წელიწადში ჟურნალის მხოლოდ 4 ნომრის გამოცემა ხერხდება.
„ამჟამად 2015 წლის მე-2 ნომერი გამოვიდა. ჟურნალი ეროვნულია და დღევანდელ სავალალო ვითარებაში, როცა რეგიონები მოწყვეტილია წიგნსა და მწერალს, ხოლო ბიბლიოთეკები თითქმის აღარ არსებობს, ძირითადად, ქართველი მწერლების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. მისი ფურცლები განსაკუთრებით ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლების შემოქმედებას დაეთმობა. უკვე გამოვიდა ჟურნალის 9 ნომერი.
„ანეულთან“ არსებობს რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი – „ერთი მოთხრობა“. წელს მეექვსედ გაიმართება რევაზ ინანიშვილის სახელობის ეს ლიტერატურული კონკურსიც, რომელიც 1 სექტემბერს გამოცხადდება.
იყო ლამაზი სიტყვები, სურვილები, ლექსები… განსაკუთრებით აღსანიშნავია და წარდგინებაზეც ყურადღება გამახვილდა, რომ „ანეულის“ ამ ნომერში პირველად გამოქვეყნდა დაღუპული პოლიციელის, უნიჭიერესი პოეტის ბექა მარგიშვილის ლექსები და ამით დაიწყო ბექას ახალი სიცოცხლე ლიტერატურულ სივრცეში…. წარდგინებას ესწრებოდნენ ბექას ოჯახის წევრები. მეუღლემ – მარი სეფისკვერაძემ მადლობა გადაუხადა ჟურნალს თანადგომისთვის, გამხნევებისთვის და ბექას დაფასებისთვის.
სიტყვით გამოვიდნენ: ჯუბა ღებელი, ივანე ჯაფარიძე, იკა ქადაგიძე, ლალი გულისაშვილი, ნინო ქუთათელაძე, თორნიკე გოგნიაშვილი, დავით შემოქმედელი, გულნაზ გვალია, ნათელა გოხელაშვილი, ელენე გამგონიძე, გაგა გომართელი, მარიკა ცუკილაშვილი, ლელა არაბული, ბოკო ჭიღლაძე, მარი სეფისკვერაძე, ლანა მანველი, მარიკა ორჯონიკიძე და სხვები.