„ თაქთაქიშვილი და კანდელაკი ევროსაბჭოში სომხურ ლობთან ერთად მოქმედებდნენ – ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში ნეგატიური ფაქტია“

ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის ინიციატივითა და ჩარევით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტიდან, ყარაბაღში სომხეთის საოკუპაციო ხასიათის ექსტრემიზმის შესახებ ფორმულირების გაქრობის საკითხს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.

ბაბევი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ასამბლეაში სომხურ ლობთან ერთად მოქმედებდნენ. მისი თქმით, კანდელაკისა და თაქთაქიშვილის ქმედებები მთლიანად სააკაშვილისა და ბაქრაძის მოფიქრებულია.

ალი ბაბაევმა ყოფილ სახელისუფლებო გუნდს მათი 9-წლიანი მმართველობა და აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოსადმი მუდმივი მხარდაჭერაც შეახსენა .

„ საქართველო – აზერბაიჯანის მეგობრობა საუკუნეებია გრძელდება და ძალიან აღვშფოთდით ამ ფაქტის გამო. აზერბაიჯანი არის ის რესპუბლიკა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას და მხარს უჭერს ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ მიიღება, იქნება ეს გაეროში თუ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში.

მე ვესაუბრე აზერბაიჯანელ პოლიტოლოგებს და ისინი აღშფოთებას ვერ მალავენ. არავინ ელოდა, რომ სააკაშვილს, რომელიც აზერბაიჯანში ვოიაჟობდა და ილჰამ ალიევს თავის მეგობრად თვლიდა, თავის გუნდთან ერთად ასეთი მიდგომა ექნებოდა ამ საკითხისადმი. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილისა და ბაქრაძის შეთანხმებით მოხდა. ეს საქართველოსა და აზებაიჯანის ურთიერთობებში ნეგატიური ფაქტია.

2012 წლის მერე სააკაშვილი და მისი ბანდა ვოიაჟობდნენ ევროპასა და ამერიკაში, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ ანტიქართულ პროპაგანდას ეწეოდნენ. ევროპაშიც და ამერიკის კონგრესშიც მათ ჰყავთ ლობისტები, რომლებიც დღეს საპარლამენტო ასამბლეებში სერიოზული ძალით არიან წარმოდგენილი. ისინი ლობირებენ როგორც ამ ჯგუფს, ასევე სომხეთს და უკრაინას. ეს არის დეპუტატების რამდენიმე ათეულკაციანი ჯგუფი. აზერბაიჯანი სტაბილური ქვეყანაა და განვითარების გზას ადგას, მათ სურთ, რომ აზერბაიჯანი ვიღაცაზე იყოს დამოკიდებული და ვერ განვითარდეს. მე ვაპირებ ამ საკითხზე შევხვდე და იქ მყოფ „ქართული ოცნების“ და აზერბაიჯანის წარმომადგენელთა დეპუტაციას ვესაუბრო. „ნაციონალების“ წარმომადგენლებმა პროვოკატორ ჯგუფთან ერთად შეთქმულება მოაწყვეს. ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტი და ამერიკის კონგრესი ბოლო დროს აზერბაიჯანში მიმიდინარე პროცესებს ძალიან კრიტიკულად უყურებს, ამის მიზეზია ის, რომ დღეს აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და მათ ეს არ სურთ. 280 პოლიტპატიმარი იყო სააკაშვილის დროს და კიდე რამდენიმე საქმე ახლაც ძიებაშია, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი დღეს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ, ისინი არ ფიქრობდნენ, 9 წლის განმავლობაში საქართველოში როგორ იჩაგრებოდა ადამიანი, როგორ ატერორებდნენ ბიზნესს, რა მდგომარეობაში იყო ციხე, როგორ ართმევდნენ მიწებს ქართველ გლეხებს და აძლევდნენ უცხოელებს“,- განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები