„მინდა მესმოდეს დედის ხმა“ – 6 თვის ერეკლეს დედა „კვირასთან“ ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს  

ქართველი მუსიკოსები და მომღერლები 6 თვის ერეკლე ლორთქიფანიძის დახმარების სურვილით გაერთიანდნენ და საკუთარი ინიციატივით 2 ივლისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ კონცერტში „მინდა მესმოდეს დედის ხმა“ ჩაერთვნენ.
ერეკლე ქვეყანას ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს მოევლინა. დაბადებისთანავე ჯანმრთელობის პრობლემის გამო მას ძლიერი ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდა, რამაც მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანა. პატარას მეოთხე ხარისხის ორმხრივი სმენა-ჩლუნგობა ანუ ყრუ-მუნჯობის დიაგნოზი დაუდგინდა.
ერეკლეს სრულფასოვნად ამეტყველებისთვის, 9 თვემდე კოხლეარული იმპლანტანტის ჩასმაა აუცილებელი. მსგავსი სახის ოპერაცია კი ამ ასაკში საქართველოში არ კეთდება და პატარას მკურნალობა ოჯახს გერმანიაში უხდება, რისთვისაც მათ საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ, ისინი მეგობრების იმედად არიან დარჩენილები.
პატარა ერეკლესა და ოჯახური ტრაგედიის შესახებ „კვირას“ ერეკლეს დედამ, ნინო წერეთელმა უამბო.
ნინო წერეთელი ორ შვილს – 4 წლის ანასტასიასა და 6 თვის ერეკლეს პენსიონერ დედამთილთან ერთად ზრდის. მისი მეუღლე სავარაუდოდ გულით, უეცრად 3 თვის წინ გარდაიცვალა, მამამთილი კი მისი მეუღლის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. ერეკლეს ავადმყოფობასთან გამკლავება მას მარტო უწევს.
როგორც ნინო წერეთელი ყვება, მისი შვილის მკურნალობა გერმანიაში 70 ათას 500 ევრო ჯდება. მარტოხელა დედამ შვილის დახმარების იმედით ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას მიმართა. ჯანდაცვის სამინისტრომ ერეკლეს მკურნალობა 10 ათასი ევროთი დააფინანსა, მერიამ კი 11 ათასი ევრო გადარიცხა. წერეთელი აქვე ამბობს, რომ ამ მძიმე წუთებში მისი სამსახურიც ძალიან დაუდგა გვერდით.
„დაახლოებით 21 ათასი ევრო გვაქვს შეგროვებული. ჩემი მეგობრების იმედად ვართ. გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კონცერტი. ჩემი ქმარი-გრიგოლ ლორთქიფანიძე (პარსიკა) საპატრიარქოს ანსამბლში მღეროდა, უამრავი მეგობარი ჰყავს. ამ კონცერტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ძალიან ბევრი მეგობარი დაგვიდგა გვერდით, რისთვისაც მადლობელი ვარ. როგორც კი საკმარისი თანხა შეგროვდება ამ კოცნერტიდან, აგვისტოს თვეში წავალთ. ამ ეტაპზე 42 ათასი ევრო გვაკლდება. თუ ყველა ბილეთი გაიყიდა, ეს თანხაც მოგროვდება“, – ამბობს ნინო წერეთელი.
პატარა ერეკლეს დასახმარებლად 2 ივლისს, 20:00 საათზე სპორტის სასახლეში, „ქართული ხმები“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალური კვარტეტი“, ანსამბლი „შვიდკაცა“, დათო ევგენიძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, ნატალია ქუთათელაზე, სალომე კორკოტაშვილი, ბაკურ ბურდული, „ნიკოლშოუ“, ჯუფი „ნიუტონი“ და ნუკა კვალიაშვილი იმღერებენ. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი კი- სიმბოლურად 10 ლარი იქნება. დამატებით თანხის ჩარიცხვა კი მითითებული ანგარიშის ნომერზეა შესაძლებელი: GE32TB7236736080100002 (GEL); GE49TB72367336180100003 (USD.EUR).
ერეკლე ლორთქიფანიძის მდგომარეობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია ხელოვნების არცერთ წარმომადგენელს, რომლებიც სპეციალურად დამზადებულ ვიდეო-რგოლში მხოლოდ ერთი იდეით შეიკრიბა – „ერეკლე გაიგებს დედის ხმას –  ჩვენ ამას შევძლებთ!“

ჩვენ, ყველას გვსურს, რომ პატარა ერეკლემ დედის ხმა გაიგოს…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები