ე.წ. კაბელების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ საქმის მასალებს ასაჯაროებს.
როგორც პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებების წარდგენით დაასაბუთა, რომ თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „სილქნეტისგან“ ქონება რეალურ ღირებულებაზე სამჯერ მეტ ფასად შეისყიდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულების ქმედებით გაიფლანგა თანხა. ასევე დადგენილი ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე (2013 წლის 27 აგვისტო) ოთხი თვით ადრე სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდათ სს „სილქნეტის“ თანამშრომლებთან.
„კვირა“ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2015 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის და არჩილ ალავიძის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 10 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების დასაშვებად ცნობამ და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემამ ცხადყო, რომ თვეების განმავლობაში დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დანაშაულის არარსებობის თაობაზე იყო უსაფუძვლო. მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის დისკრედიტაციას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურორების მიერ სასამართლოს წარედგინა არგუმენტები, თუ რატომ იყო უსაფუძვლო დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ თითქოსდა ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, რადგან მათ არ გააჩნდათ ანგარებითი მოტივი და რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყო. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებების წარდგენით დაასაბუთა, რომ 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სილქნეტისგან შეისყიდა ქონება რეალურ ღირებულებაზე სამჯერ მეტ ფასად, მაშინ როდესაც სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე სხვა პრეტენდენტებისგან ბევრად ხელსაყრელი შეთავაზებები ჰქონდა მიღებული. მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულების ქმედებით გაიფლანგა თანხა. ასევე დადგენილი ფაქტია, რომ თავადცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე (2013 წლის 27 აგვისტო) ოთხი თვით ადრე სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდათ სს „სილქნეტის“ თანამშრომლებთან.
სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და შეამოწმა მათი ერთობლიობა იძლეოდა თუ არა ვარაუდის საფუძველს, რომ დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნია ვარაუდი, რომ დანაშაული სწორედ ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს.
თვალსაჩინოებისათვის ვასაჯაროებთ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის 2015 წლის 26 ივნისს წარდგენილ პოზიციას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ბრალდების პოზიცია