ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი მოსამართლის შენიშვნას განმარტავს
ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი წინა პროცესებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის შენიშვნებს განმარტავს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, შენიშვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ისეთი მტკიცებულება დაუშვა საქმეში, რომელიც არ არსებობს, არასწორია. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა აღნიშნა, რომ ექსპერტის დაკითხვის ოქმი, რომლის დასაშვებობის საკითხი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში დააყენა, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი. პროკურორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსად არ არის საუბარი ექსპერტ დავით ამაშუკელის ჩვენების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობაზე.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსად არ არის საუბარი ექსპერტ დავით ამაშუკელის ჩვენების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობაზე. ამის დასაშვებად ცნობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. დავით ამაშუკელი არის ექსპერტი და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა მოხვდა მტკიცებულებათა შორის. ამაშუკელი დაიკითხება მოწმედ სასამართლო პროცესზე. რა მტკიცებულებებიც სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში არის მითითებული, საქმეში ის არის დასაშვებად ცნობილი მოსამართლის მიერ. ტექნიკური ხარვეზი გაიპარა და სიტყვა “ოქმი” შეცდომით ჩაიწერა მოსამართლის გადაწყვეტილებაში, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია. ამასთან, კანონი უშვებს იმას, რომ შესაძლებელია მოსამართლეს ტექნიკური შეცდომა გაეპაროს”, – აღნიშნა ნინო აღლემაშვილმა.
დაცვის მხარე კი აღნიშნულ ოქმზე, რომელიც, მისი მტკიცებით, პირველ ინსტანციაში არ ყოფილა წარდგენილი, საჩივრის მომზადებას აპირებს. დაცვის მხარის მტკიცებით, ოქმი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარში ისე ჩადო, რომ პირველ ინსტანციაში არ წარუდგენია. შესაბამისად, იგი არაკანონიერი მტკიცებულებაა და უნდა გასაჩივრდეს.