დაკარგულ ვეფხვს ისევ ეძებენ
სვანიძის ქუჩაზე, „მზიურსა“ და ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები დილიდან გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მტკვარზეც მიმდინარეობს. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი.
სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და უკვე მიმდებარე პერიმეტრი სუფთავდება, საიდანაც ასევე გააქვთ წყალდიდობის შედეგად ჩამოტანილი ხე-ტყე.
„24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ სამძებრო და გაწმენდით სამუშაოებს. „მზიურის“, ასევე ზოოარკის ტერიტორიაზე და ყველა იმ ობიექტზე მიმდინარეობს მუშაობა, სადაც სტიქიამ მიაყენა ზარალი. ასევე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მტკვარზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.