პროკურატურა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. საქმე ეხება 2015 წლის 22 იანვარს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ემზარ თაბუკაშვილის გარდაცვალება მოჰყვა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის გამოც საქმეზე ძიება შეწყდა. „კვირა“ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2015 წლის 22 იანვარს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება და მოგვიანებით თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:40 საათზე, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა, მათ შორის ერთ-ერთი – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ავტომანქანებში მსხდომმა რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული ემზარ თაბუკაშვილი გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა „არჩევანში“ 2015 წლის 22 იანვარს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები