ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს პირველი სხდომა ჩატარდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, არც ერთი სპეცრაზმელი, რომელთაც განზრახ მკვლელობის ბრალდება ედებათ, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საპროცესო გარიგებაზე ან რაიმე სხვა შემამსუბუქებელ ღონისძიებაზე დაცვის მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებული არ არის. პროკურორმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 7 პირი ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ საკანშია მოთავსებული. გულუაშვილის თქმით, პატიმრები თანაბარ პირობებში არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პროკურორის განცხადებით, მათი განაწილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრეროგატივაა. სხდომა 8 ივლისს, 12:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები