რა ინფორმაცია მიაწოდა ვახტანგ გომელაურმა პრემიერს საგანგებო თათბირზე

„რომც არ გაკეთებულიყო განცხადება იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ არიან, დღეს მომხდარ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით“, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერი დაინტერესდა, შს მინისტრმა, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა, რა ღონისძიებები გაატარა და რა ინფორმაცია ჰქონდა მას.
“მეორე დღე იყო, როდესაც თქვეს, რომ რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არის დაკარგული – ორი ლომი, სამი ვეფხვი და ა.შ. როცა წყალმა დაიწია, ეს მკვდარი ცხოველები ვოლიერებში ნახეს.
გუშინ საღამოს დამიკავშირდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი და მითხრეს, ბატონო ვახტანგ, ხომ არ შევამსუბუქოთ ეს პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძიებასთან დაკავშირებით. მეთქი, რატომ? პირადად დირექტორმა განაცხადა, რომ აღარცერთი ცხოველი დაკარგული არ გვყავს, ზოგი არის მკვდარი, ზოგი არის ცოცხალი და ვოლიერებში გადაყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და ყოველთვის მობილიზებულნი იყვნენ”, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებები მაინც გრძელდებოდა და დღევანდელი ტრაგედიის ადგილი არაერთხელ შემოწმდა.
“ეს იყო საწყობი, რომელიც იყო დაკეტილი. აქვს გისოსები, რკინის კარები, წყალი იდგა იქ და ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ, თუ პატრონი არ გააღებდა მას,  თვითონ ვეფხვი შიგნით  ვერ მოხვდებოდა. თუმცა, რომ დაიწია წყალმა, ქვევით აღმოჩნდა სარდაფი. თუ როგორ აღმოჩნდა შიგნით ვეფხვი, ახლა მუშაობენ და ნახავენ. გარედან ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, ვინაიდან გისოსები და რკინის კარებია. აქედან გამომდინარე, ამას გავექცეოდით თუ არა, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ, მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს. რვა მუშა შევიდა დასალაგებლად და ერთზე მოხდა თავდასხმა. როდესაც გვაცნობეს, ეს ადამიანი უკვე უგონოდ იყო”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები