შალვა ფიფია ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში იორამ დორის შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა ფიფიამ სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, დარგის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ხორციელდება. მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია. ფერმერთა ხელშეწყობისთვის შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამასა და ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. მნიშვნელოვანია ის საგადსახადო შეღავათებიც, რომლითაც კოოპერატივები სარგებლობენ. შალვა ფიფიამ სტუმარს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიც გააცნო და იმ დეტალებზე ისაუბრა, რომლითაც ფერმერთა და მეწარმეთათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც. ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას და დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. იორამ დორიმ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება მისასალმებელია. მნიშვნელოვანია აგრარული ინფრასტრუქტურის განვითარებაც, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და აგრარულ სფეროში განათლებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლება. ამ მიმართულებით საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რეალური პერსპექტივა არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები