დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც. ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობით რჩებიან სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქის ზოგიერთ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები განთავსებულია შსს-ს ვებგვერდზე.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილი დაახლოებით 180 ადამიანს დღესვე მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავს სასმელ წყალს, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს და ლეიბებს.

რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, მათი რაოდენობა ზუსტდება. ზოოპარკის ხელმძღვანელობა ახორციელებს დაღუპული და გაქცეული ცხოველების აღრიცხვას, რის შესახებაც მოსახლეობას მყისიერად მიეწოდება ინფორმაცია. ამ დროისთვის, მოსახლეობას მოვუწოდებთ მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს- 112-ს. სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ყველა ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამოქმედებულია ყველა რესურსი. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება სტიქიის შედეგების შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ლიკვიდაციისთვის.

„ცხელ ხაზზე“ შემოდის მრავალი სატელეფონო ზარი და მოქალაქეები გამოთქვამენ სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილს. საგანგებო შტაბი მადლობას უხდის მოსახლეობას გამოჩენილი თანადგომისთვის. თუმცა, უნდა განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთარი რესურსებით ახორციელებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება დამატებითი რესურსების მობილიზება, მოსახლეობას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და ეს პროცესი განხორციელდება ორგანიზებულად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები