ახალქალაქში ერთადერთი ჯიხური, სადაც ქართული პრესა იყიდებოდა, იკეტება

ახალქალაქის ძველი ბაზრის ტერიტორაზე მდებარე ეს ერთადერთი ჯიხური, სადაც ქართული პერიოდული პრესა სისტემატურად იყიდებოდა, სულ მალე დაიკეტება – ამის შესახებ პუბლიცისტი კუკური მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

როგორც კუკური მეტრეველი განმარტავს, ბაზრის ტერიტორიას კერძო მფლობელი გამოუჩნდა, და ამ ჯიხურის მეპატრონემ, სომეხ ქალბატონს, რომელიც უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია ყიდის ქართულ პერიოდულ გამოცემებს, ჯავახეთში, ულტიმატუმი წაუყენა და აიძულებს, დაცალოს ტერიტორია. კუკური მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე ჯიხურის ფოტოსაც ავრცელებს.

“ახალქალაქის ძველი ბაზრის ტერიტორაზე მდებარე ეს ერთადერთი ჯიხური, ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული პერიოდული პრესა სისტემატურად იყიდებოდა, ჯავახეთის არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ქართველი მკითხველის გულის გასახეთქად, სულ მალე დაიკეტება. საქმე იმაშია, რომ ბაზრის ტერიტორიას კერძო მფლობელი გამოუჩნდა, და ამ ჯიხურის მეპატრონემ, საოცრად განათლებულ და ქართულზე შეყვარებულ სომეხ ქალბატონს, რომელიც უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია ლამის ზურგით ეზიდება ქართულ პერიოდულ გამოცემებს ჯავახეთში, ულტიმატუმი წაუყენა და აიძულებს, დაცალოს ტერიტორია. ადგილობრივ საკრებულოს საერთოდ არ ადარდებს, ეს პრობლემა, მაგრამ რატომ ხმას არ იღებს ქართული პრესა, ქართული საზოგადოება?! თუ გამოსავალი არ მოიძებნა, კიდევ ერთი სამარცხვინო გულგრილობის მოწმე გავხდებით: ჯავახეთში, ჩვენსავე ქვეყანაში, ამ ძირძველ ქართულ კუთხეში, ქართული პრესა აღარ გავრცელდება!“-წერს კუკური მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“კვირა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მოვსესიანს დაუკავშირდა. ჰამლეტ მოვსესიანი აცხადებს, რომ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და მოასფალტება იგეგმება, ამიტომ ჯიხურის დროებით აღება გადაწყდა. “კვირას“ კითხვაზე, სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბრუნებენ თუ არა ჯიხურს ძველ ადგილზე – ჰამლეტ მოვსესიანმა პასუხის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ საკითხი ბაზრის დირექტორთან არარატ სარიანთან შეთანხმებით გადაწყდება.

“მე ვესაუბრე ბაზრის დირეტორს, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, მოასფალტება იგეგმება, ამიტომ ეს ჯიხური დროებით უნდა აიღონ, ამის შემდეგ შეიძლება ჯიხური დაბრუნდეს თავის ადგილას, ეს ბაზრის დირექტორთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება“,- განუცხადა “კვირას“ ჰამლეტ მოვსესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები