ნინო გვენეტაძე: დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევს

დამოუკიდებელი ინსპექტორი მაღალი პროფესიული ნიშნით კონკურსის წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 წლის ვადით აირჩევა,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა და საზოგადოებას ახალი ინსტიტუტის, დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლება – მოვალეობები და მისი საჭიროება განმარტა.
გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში ანგარიშვალდებულების პრობლემები არსებობს, რის გამოც ანგარიშვალდებულების მექანიზმის ეფექტიანობისათვის დისციპლინური სამართალწარმოების ინსტიტუტის რეფორმირება გახდა საჭირო.
„ანგარიშვალდებულების მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ანგარიშვალდებულების მექანიზმის ეფექტიანობისათვის გვჭირდება დისციპლინური სამართალწარმოების ინსტიტუტის რეფორმირება. ამ მხრივ შემოვიტანეთ მოდელი, რომელიც მრავალ ქვეყანში მუშაობს. ჩვენ ვხვდებით მოსამართლეებს და ვხვეწავთ ამ ინიციატივას. დამოუკიდებელი ინსპექტორი უნდა იყოს 10-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, არჩეული იქნას კონკურსის წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 წლის ვადით. ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დეტალურად უნდა გაწეროს ყველა ის გადაცდომა, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საფუძველი გახდება. დღეს კანონში არსებული ფორმულირება ზოგადი საფუძვლებია, რომლებიც საჭიროა დაკონკრეტდეს და დაზუსტდეს. მხოლოდ ამის დაზუსტების შემდეგ ექნება დამოუკიდებელ ინსპექტორს უფლებამოსილება, კონკრეტული საფუძვლით მიმართოს საბჭოს და მისგან დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების თაობაზე თანხმობა მიიღოს“,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძემ საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებულ რეფორმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი სამ კანონში ცვლილებას ეხება. მათში ერთ-ერთი საკითხი დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურად განსახორციელებლად დამოუკიდებელი ინსპექტორის ახალი ინსტიტუტის დამკვიდრებაა. პირველი მოსამართლის თქმით, დამოუკიდებელი ინსპექტორი სასამართლოს დამუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. გვენეტაძემ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური გადაცდომების შესახებ არსებული სტატისტიკაც მიმოიხილა მოსამართლეების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სასამართლოს დამუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უზრუნველსაყოფად. აბსოლუტური კონტროლის გარეშე დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საზოგადოების მხრიდან იქნება ეჭვქვეშ დაყენებული. დისციპლინური სამართალწარმოების წესს 2013 წლიდან პრობლემა გაუჩნდა. 2013 წლის ივნისიდან, როდესაც იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა, 2015 წლის 1 იანვრამდე სადისციპლინო წარმების წესით განსახილველად 484 განცხადება საჩივარი იყო წარმოდგენილი, აქედან 384 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნა შეწყდა, რაც ნიშნავს იმას რომ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. 22 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეს იუსტიციის საბჭოს მიერ მიემართა კერძო სარეკომენდაციო ბარათი, რა დროსაც საბჭო მის მიერ დარღვევის ჩადენის ფაქტზე მიუთითებს და მის გამოსწორებას სთხოვს.
8 დისციპლინური წარმოების საქმე არსებობს, რომლებზეც საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ხმების 2/3 ვერ შეგროვდა. 2013 წლამდე სტატისტიკის მიხედვით, სრულიად განსხვავებული სურათი იყო, მანამდე ხშირი შემთხვევა იყო დისციპლინური პასუხისმგებლობისა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შემოღება. დამოუკიდებელი ინსპექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქვემდებარე პირია, მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიებით და მაღალი პროფესიული ნიშნით, რომელიც საბჭოს გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტიტუტის გაძლიერებით ჩვენ ვფიქრობთ, იუსტიციის საბჭო უფრო ეფექტური გახდება“,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები