თბილისში ქართველი ემიგრანტების ნახატების გამოფენა გაიმართება
დიასპორის დღეების ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, დიასპორის წარმომადგენელი მხატვრების გამოფენა გაიმართება, – ამის შესახებ “კვირას“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთარ ნამუშევრებს ეთერ თედიაშვილი (გერმანია), ცისანა ჯანიაშვილი (ამერიკის შეერთებული შტატები), გიორგი მელუა (ამერიკა), თემურ პაპიაშვილი (აზერბაიჯანი), ოთარ შარაბიძე (თურქეთი) და ალი ასლანიშვილი (ირანი) წარმოადგენენ.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. სახელმწიფო მინისტრი “ისტორიული დიასპორის თასის” გამარჯვებულებს დააჯილდოებს, რომელიც თბილისში, 2015 წლის 24 მაისს, ფუტსალში გაიმართა და მონაწილეობა ირანსა და აზერბაჯანში მცხოვრები ქართველებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო. გელა დუმბაძე საერთაშორისო ლიტერატორული კონკურსის “ემიგრანტის წერილები 2014”-ის გამარჯვებულებს დააჯილდოებს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ გამართულ საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაზე, ასევე, პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმში – “გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს” მონაწილე მოხალისე სტუდენტები დაჯილდოვდებიან. ცერემონიის დასასრულს წარმოდგენილი იქნება ანსამბლი “შავნაბადა”.