საჯარო მოხელეთა სავალდებულო ტესტირება ერთი წლით გადავადდა

 

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სავალდებულო ტესტირებისთვის კანონით დადგენილი ვადა ერთი წლით ხანგრძლივდება. სავალდებულო ტესტირებები კი 2015 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო, რაც კანონში დაგეგმილი ახალი ცვლილებებით 2016 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.

პარლამენტმა გასული წლის ივლისში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსით დანიშვნის სავალდებულო ეტაპად მათი ტესტირება განისაზღვრა.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების ინიციატივით პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარემ, ირაკლი ტრიპოლსკიმ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ მიმართეს.

“ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეებიდან მხოლოდ 3,5 პროცენტი იყო დანიშნული კონკურსის გავლის შედეგად. მოხელეების დიდი ნაწილი დანიშნული იყო უვადოდ – კონკურსის გავლის გარეშე. ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეების უმრავლესობას არ ჰქონდა გავლილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და სამუშაოთა აღწერილობასთან შესაბამისობის დადგენის რაიმე ფორმალიზებული პროცედურა. ამ ცვლილების შედეგად, ტესტირების გარეშე მოხელეთა დანიშვნა გახდა შეუძლებელი, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების გაძლიერებაზე და წვლილი შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის წარმატებაში. აღნიშნულის მიუხედავად, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მდგრადი სისტემის შექმნა კვლავ პრობლემად რჩება და საჭიროა, გაგრძელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარებაზე ზრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსში მონაწილეთა სავალდებულო ტესტირებამ მოხელეების სამსახურში აყვანისა და დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხის მოწესრიგებაზე დადებითი გავლენა იქონია, სასურველია, მოხდეს ამ ნორმის მოქმედების ვადის გაგრძელება, რათა შეიქმნას ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარების სისტემის სამართლებრივი უზრუნველყოფის მდგრადი მექანიზმი”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს ერთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები