გერმანიაში საქართველოს ელჩი სლოვენიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდა

  გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია სლოვენიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონელ კოლეგა კაია ტაელთან შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ესტონურ-ქართული თანამშრომლობის საკითხების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე. გერმანიაში ესტონეთის ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის სრული მხარდაჭერა. კაია ტაელის განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ამ გზაზე ესტონეთის გამოცდილება სასარგებლო იქნება.
ელჩებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებაც ისაუბრეს და მიმდინარე პროცესების მიმართ შეშფოთება გამოთქვეს.
გარდა ამისა, ლადო ჭანტურიამ, ასევე, გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიაში სლოვენიის ელჩთან მარტა კოს მარკოსთან. სლოვენიის ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ 6 მარტს ბრიუსელში მიღებულ განცხადებას, სადაც ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარე წლის აგვისტომდე ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია კიდევ ერთხელ ცალსახად დაფიქსირდა. სლოვენიის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მისი თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის ევროპის კავშირის მხარდაჭერის გაძლიერებას, რასაც ზემოთ აღნიშნული განცხადებაც ადასტურებს. შეხვედრისას ელჩებმა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები