დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
საზეიმო ღონისძიებები ოფიციალურად 12:00 საათზე თეატრალიზებული მსვლელობებით დაიწყება.
13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია წვევამდელთა ფიცის მიღების ოფიციალური ცერემონიალი.
მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ასევე სამინისტროები საკუთარი პროექტების პრეზენტაციებს გამართავენ.
ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მოწყობილია ხელოვნური დათოვლიანების კუთხე, სადაც ზეიმის მონაწილეებს გაზაფხულის მიწურულს გუნდაობა შეეძლებათ.
სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული თამაში და შეჯიბრებაა დაგეგმილი.
საღამოს კი პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტით გამოაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტია. მას დეკლარაციული ხასიათი აქვს და მოკლედაა გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი. 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე დოკუმენტი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები