შსს-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიურ სამსახურს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს ჯორჯიის შტატის პოლიციისა და საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა კინოლოგიური სამსახური დაათვალიერეს, სადაც კაპიტალური სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.

სტუმრები ოდოროლოგიური ექსპერტიზის და კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრები სამოსამსახურეო ძაღლების მიერ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის სიმულაციურ ვარჯიშებსაც დაესწრნენ. ასევე გაეცნენ INL-ის თაოსნობით განხორციელებულ K9 პროექტის შედეგებს.

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროსთან (GBI) 2010 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ტრენინგები და სემინარები, ასევე გაცვლითი პროგრამები რეგულარულად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები