დავით ნარმანიამ სართიჭალის „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა“ დაათვალიერა

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სართიჭალაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა“ დაათვალიერა.

დედაქალაქის მერი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, მეურნეობის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას და „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის მიერ დაკვეთილი ნერგების წარმოების პროცესს გაეცნო.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მრავალფეროვანი ნერგების წარმოების ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა“ თბილისის მერიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანილი ნერგების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იქნება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამა „მილიონი ხის“ წარმატებით განხორციელებას.

„მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში გაზაფხულზე უკვე დავასრულეთ სამუშაოები და დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ შემოდგომისთვის დიდი რაოდენობის ნერგები გვქონდეს. სართიჭალის სანერგე მეურნეობა ნერგებით მომარაგების ძირითადი წყაროა. შემუშავდება შესაბამისი გეგმა მიმდინარე წლის შემოდგომისთვის და მომავალი წლის გაზაფხული-შემოდგომის სეზონისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის დაკვეთით სანერგე მეურნეობაში ხორციელდება 15 ფოთლოვანი და 9 წიწვოვანი ჯიშის 1 000 000-ზე მეტი მაღალი ხარისხის კონტეინერული ნერგის გამოყვანა, რომელთა გახარების კოეფიციენტი ჩვეულებრივ ნერგთან შედარებით ბევრად მაღალია. აღნიშნული ნერგების თვითღირებულების შესაბამის ფასში შესყიდვა და მუნიციპალურ ტერიტორიებზე გადარგვა 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

როგორც მერიაში განმარტავენ, „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობაში“ ნერგების მსხვილმასშტაბიანი წარმოება კონტეინერული წესით ხდება, რაც ნერგების მაღალ ხარისხს და შესაბამისად, გახარების მაღალ მაჩვენებელებს უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები