ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა
22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით საქართველოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს.
“ბაღის ფრინველთა საათის” კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა. მოძრაობის თეატრში კი, ბიომრავალფეორვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება. ფოტოკონკურსში „ბიომრავალფერონება მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პრიზებით დააჯილდოვებს. დღის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გიგლა აგულაშვილი „მოძრაობის თეატრში“ უმასპინძლებს.