რუსული მედია: ილია მეორემ დასავლეთისკენ აიღო გეზი

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქზე, ილია მეორეზე სტატიას აქვეყნებს სათაურით: „ილია მეორემ დასავლეთისკენ აიღო გეზი“. სტატიაში აღწერილია საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ბოლო დროს არსებული პრობლემები, რაზეც ილია მეორემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან შეხვედრისას განაცხადა.

სტატიის ავტორი ილია მეორის მიერ ამ შეხვედრის დროს გამოთქმულ კიდევ ერთ წინადადებაზე ამახვილებს ყურადღებას: „ჩვენი ევროპული არჩევანი საკმაოდ მტკიცეა და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

„კომერსანტის“ სტატიის ავტორის თქმით, ილია მეორისგან, რომელიც აქამდე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრორუს მოღვაწედ ითვლებოდა, რუსეთის ეკლესიასთან არსებულ რთულ ურთიერთობებზე საუბარი საკმაოდ მოულოდნელი იყო. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ეკლესიებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი აფხაზეთი გახდა. საქართველოს საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ რუსული ეკლესიის მიერ საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად აფხაზეთის აღიარების მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქო მთელ რიგ საკითხზე საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს. საუბარია აფხაზეთის სასულიერო პირებთან კონტაქტებზე, ასევე მთელ რიგ სხვა საკითხებზე.

საქართველოს ეკლესია დღემდე მხარს უჭერდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიევის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არაღიარება. საპასუხოდ კი ქართული ეკლესია მოსკოვის ადეკვატურ დამოკიდებულებას ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ის სასოწარქვეთილებამ შეიპყრო – წერს რუსული „კომერსანტი“ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები