გიორგი არეშიძემ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების კითხვებს უპასუხა

ფრაქციების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა – თბილისი” გაერთიანებულ სხდომაზე გიორგი არეშიძეს მოუსმინეს.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ უპასუხა.
შეხვედრა, რომელსაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეკითხვები, ძირითადად, თანხების მიზნობრივი ხარჯვისა და ასევე კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების მიმართულებით დაისვა. საკრებულოს წევრებს ოლიმპიადის ფარგლებში მშენებარე ობიექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია როგორც გიორგი არეშიძემ, ასევე ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებაც მიაწოდეს.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ობიექტი დროულად დასრულდება და დედაქალაქი თბილისი 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ღირსეულად უმასპინძლებს“, – აღნიშნა გიორგი არეშიძემ.
ფრაქციის სხდომაზე საუბარი სპორტული მოედნების რეაბილიტაციასაც შეეხო. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გამგეობების კომპეტენციაში გადავიდა და 2015 წლის ზაფხულში ყველა მოედანი დასრულდება. სხდომა ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დადებითად შეაფასა. „იმედია, რომ მერიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ყველა ობიექტები დროულად დასრულდება. შევთანხმდით, რომ დოკუმენტაციას, რომელიც თანხების მიზნობრივ ხარჯვასა და საორგანიზაციო კომიტეტის ბიუჯეტს უკავშირდება, შესაბამისი სამსახურები დროულად მოგვაწვდიან“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები