მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე კონკურსი დასრულდა

მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს მიერ გამოცხადებული ერთობლივი საჯარო კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, გამოავლინა გამარჯვებული ესკიზური პროექტი, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს“ ეკუთვნის (არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილი). გამარჯვებულ პროექტს ინვესტორი კომპანია 20 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს. არქიტექტურის სამსახურის უფროსის თქმით, გარკვეული კორექტირების შემდეგ გამარჯვებული ესკიზური პროექტი მიიღებს საბოლოო სახეს და ისტორიული მირზა შაფის ქუჩის ტერიტორიაზე განხორციელდება. გამარჯვებული პროექტის უპირატესობებს შორის ნინო ღოღობერიძე სივრცეების გადანაწილების თვალსაზრისით სწორ კონცეპტუალურ მიდგომას ასახელებს. „არქიტექტურული გადაწყვეტა არის სწორი, პროექტმა შეიძლება უზრუნველყოს ის, რაც მერიის შეხედულებითაც აუცილებელია, რომ ეს არ უნდა იყოს დომინანტი ობიექტი იმ ტერიტორიისთვის, ეს უნდა იყოს რელიეფთან აბსოლუტურად შერწყმული ფონური შენობა,“- განაცხადა ნინო ღოღობერიძემ. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვებულ პროექტს სწორი კონცეფცია აქვს, ამ მითითებების გათვალისწინებით პროექტი გადამუშავდება და გაივლის ყველა იმ პროცედურას, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმას სჭირდება შეთანხმებისთვის. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები თბილისის საკრებულოს ფოიეში მიმდინარე წლის 8 მაისს გამოიფინა. დამსწრე საზოგადოებას იქვე შეეძლო საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ ხმათა უმეტესობა სწორედ გამარჯვებულმა პროექტმა დააგროვა. კონკურსის მიზანი იყო თბილისში, მირზა შაფის ქუჩის, კერძოდ, შპს „აპოლო გ.ს.“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განვითარების ქალაქგეგმარებითი, სივრცითი და მოცულობითი საუკეთესო გადაწყვეტის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს. კონკურსის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, საკონკურსო პირობები მხოლოდ 9 მონაწილემ დააკმაყოფილა. შემოსული განაცხადებიდან საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი გამოავლინა, საიდანაც ერთმა ნამუშევარმა გაიმარჯვა. კომისიის შემადგენლობაში თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, იყვნენ საჯარო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები