კოტე აფხაზის ქუჩაზე „სინათლის ქალაქმა“ დიოდური სანათები დაამონტაჟა

„სინათლის ქალაქმა“ კოტე აფხაზის ქუჩაზე, პილოტ პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით, კომპანია „LITPA“-ს მიერ თურქეთში წარმოებული 27 სანათი დაამონტაჟა. სანათების მონტაჟს „LITPA“-ს წარმომადგენლებთან ერთად, „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელი ვასილ ხორავა ესწრებოდა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის თქმით, პოლონურ და ყაზახურ კომპანიებს, რომლებიც თბილისში დიოდური სანათების მონტაჟის პილოტ პროექტებს ახორციელებენ, ამჯერად თურქული კომპანიაც შეემატა და კოტე აფხაზის ქუჩა მთლიანად ლედ სანათებით განათდა. ხორავას თქმით, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, თბილისში ამ დროისთვის უკვე 5 პილოტ პროექტი ხორციელდება. დიოდური სანათები, კოტე აფხაზის ქუჩის გარდა, დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ჯავახიშვილის ქუჩაზე. წინასწარი მონაცემებით, დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.
საპილოტე პროექტებს „სინათლის ქალაქი“ ამ ეტაპზე პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“-თან ერთად, ასევე, ყაზახურ კომპანია „SD Group”-თან და თურქულ „LITPA“-სთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები