ოთარ დანელია ევროპელ ექსპერტებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ”ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) პროექტის მიმდინარეობის შეფასების მიზნით, ევროკავშირიდან საქართველოში ჩამოსულ ექსპერტებთან, ნიკ ნორველთან და ჰენრი იორგენსენთან შეხვედრა გაიმართა.

ექსპერტებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

მინისტრმა გაამახვილა ყურადღება იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დგას. ოთარ დანელიამ ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა მიზანიც მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დამატებით სტიმულირებას წარმოადგენს. მინისტრის თქმით, ევროკავშირისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია ENPARD-ის პროექტის წარმატებული რეალიზაციისათვის, რაც თავის მხრივ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მუნიციპალიტეტებში რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მუშაობის სპეციფიკა და მათი როლი ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერებისა და გლეხების სასოფლო-სამეუნრეო საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების ამაღლებაში. განსაკუთრებულად აღინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩართულობა რაიონული სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში.

ევროპელი ექსპერტები დაინტერესდნენ იმ პროგრესით, რომელიც რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით არის მიღწეული. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები