ასოცირების შეთანხმება საქართველოში შიდასახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს
ასოცირების შეთანხმება, როგორც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს ეტაპობრივ დაახლოებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში შიდასახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს.
დაახლოებით 1200-გვერდიან დოკუმენტში გაწერილია კონკრეტულ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინსტიტუციური რეფორმების გატარების ვადები. შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოუწევს ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან. ამ თვალსაზრისით, გარკვეული სამუშაოები 2010 წლიდან გატარებულია, ხოლო სხვადასხვა დირექტივის ძალაში შესვლის თარიღი განსხვავებულია და 8 წლამდე პერიოდს მოიცავს.
შეთანხმება დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზებას ითვალისწინებს, საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის კუთხით. ამ მიმართულებით განსაზღვრულია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფა. საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები, ესენია: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.
ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირთა უფლებების პატივისცემა, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან, საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ გააძლიერონ ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა.
საზოგადოების ნაწილში არსებული მცდარი მოსაზრებისგან განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ვალდებულებაზე, რაც არც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და ასეთი მოთხოვნა, არც საქართველოს მიმართ არსებობს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ე.წ. “ახალი თაობის” დოკუმენტია, რამდენადაც მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან და რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი ანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას” (PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე – 2011 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი – ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეოკონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DCFTA-ზე. მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა, ხოლო ხელშეკრულების პარაფირება გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა. პარაფირება საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერამდე, მისი ტექსტის ავთენტურობის დადასტურებაა. რაც შეეხება უშუალოდ ხელმოწერას, ის მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.