ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე სასტუმროდან ბავშვების ევაკუაციის დეტალებს ყვება

ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით პაპავა, რომელმაც სასტუმროში გაჩენილი კვამლი შენიშნა, შენობიდან ბავშვების ევაკუაციის შესახებ ყვება.
როგორც დავით პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შენობაში მყოფები დაბნეულები იყვნენ და პირად ნივთებს ეძებდნენ. პაპავას თქმით, მათ გააფრთხილეს ბავშვები და მათი მშობლები, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ შენობა. მისივე განმარტებით, ევაკუაციის პარალელურად სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები გამოიძახა.
“ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვმოძრაობდი ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც ცაზე შევნიშნე შავი ფერის ღრუბელი, მივედით იმ მიმართულებით და დავინახეთ სასტუმროს ასდიოდა კვამლი, ხანძარი იყო. პირველი, რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ ყვირილი, რომ გამოსულიყვნენ გარეთ. ჩვენ არ ვიცოდით დეტალურად, თუ რამდენი ადამიანი იყო შიგნით. ჩავამტვრიეთ კარი და ვიყვირეთ, სწრაფად გამოსულიყვნენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იქ იყვნენ ბავშვები, შევედით შიგნით და დავიწყეთ მათი გამოყვანა. იყო დაბნეულობა, ზოგი თავის ნივთებს ეძებდა, ჩვენ მივეცით მიმართულება, რომ სასწრაფოდ გასულიყვნენ, ნივთების დრო აღარ იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, იქ მყოფები გარეთ გამოგვეყვანა”, – აღნიშნა დავით პაპავამ.
როგორც დავით პაპავა აცხადებს, იმ ოთახთან მიახლოება, სადაც ბავშვები დაიწვნენ, შეუძლებელი იყო, რადგან შენობაში ალი იყო მოდებული და სავარაუდოდ, ხანძარი იმ ტერიტორიიდან მოდიოდა.
“იმ მიმართულებით წავედით, საიდანაც სავარაუდოდ კვამლი ამოდიოდა, თუმცა იმ ოთახთან მიახლოება შეუძლებელი იყო, შენობაში იყო ალი. გვერდით ოთახების კარების შემტვრევა მოვახერხეთ, მაგრამ უშუალოდ ის ტერიტორია კვამლში იყო გახვეული. ასევე, შევძელით სხვა ოთახებთან მისვლა და ბავშვების და მშობლების გამოყვანა. გამოძიების პროცესში უფრო დეტალურად გახდება ცნობილი, თუ ვინ სად იყო და რას აკეთებდა. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და დაკითხვები. ტარდება ექსპერტიზა და დადგინდება, რამ გამოიწვია ხანძარი”, – აღნიშნა დავით პაპავამ.

ქობულეთში, ცეცხლმოკიდებული სასტუმრო “არმაზიდან” გუშინ პოლიციის და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს. სასტუმროში მყოფი 45 ადამიანიდან 31 ბავშვი იყო. 3 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები