რეზო ჩხეიძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს
სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა, დასრულდა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მთავარი, რაც ქართველ კინორეჟისორს ახასიათებდა, სიკეთე და სიყვარული იყო.
“ბატონი რეზოს ცხოვრება იყო სავსე განსაცდელებით და აი, დამთავრდა განსაცდელი და იგი წარდგა წინაშე ღვთისა. ბატონი რეზო თითქოს ემზადებოდა ამ დღისთვის და იცოდა, რომ ეს დღე მალე იქნებოდა, გრძნობდა ამას. ჩვენ ბევრი შეხვედრა და საუბარი გვქონდა და მთავარი, რაც ახასიათებდა მას, ეს იყო სიკეთე, სიყვარული. იგი იყო სამშობლოსადმი თავდადებული და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაუმკვიდროს მის სულს სადაც მართალნი განისვენებენ”, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
სამებაში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.