ლევან იზორიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შს სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის საკითხზე ისაუბრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ კონცეფციის პროექტი გააცნეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შს სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის საკითხზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ დაწყებულია წინასაარჩევნო დანაპირების განხორციელება, რომელიც უკავშირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ უწყებად გაყოფას.
„ჩვენი სამინისტროს პარალელურად შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით, გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ექსპერტებთანაც და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის სტანდარტები და მიდგომები, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. ლაპარაკია ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხზე, გამჭვირვალობაზე და შესაბამისად უკვე მზად გვაქვს კანონპროექტების პაკეტი, რომელიც გვინდა გავაცნოთ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა უახლოეს მომავალში გავითვალისწინოთ მათი წინადადებები და შენიშვნები, მივაწოდოთ კანონპროექტი მთავრობას და ახლო მომავალში დაიწყოს განხილვები პარლამენტში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები