„ნატოში გაწევრიანებამდე მთელი რიგი ეტაპები უნდა გავიაროთ“
საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე მთელი რიგი ეტაპები უნდა გავიაროთ და მოსახლეობას ტყუილი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, საზოგადოება ერთხელ უკვე დარჩა გაწბილებული, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მიერ მაპის მიღების დიდ შესაძლებლობაში დაარწმუნა.
“ტესტები, რომ უნდა გაგვემართა დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ ჩავაბარეთ. რა თქმა უნდა, გვაქვს აშკარა და დადასტურებული მხარდაჭერა ამერიკის და ევროპის ქვეყნების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი – ეს გაცხადდა ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ, ბუნებრივია, მთელი რიგი ეტაპები უნდა გავიაროთ იქამდე და ამაში მოსახლეობას ტყუილი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ. მაპთან დაკავშირებით, გახსოვთ, რომ სააკაშვილმა მოლოდინი ასწია ძალიან მაღალ ზღვრამდე და მერე მოხდა ჩვენი – ყველას იმედგაცრუება და გაწბილება. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა. ჩვენ ვართ საქმეზე ორიენტირებული. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და გვირჩევნია, რომ რეალური საქმის გაკეთების შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა არცთუ ისე შორეული პერსპექტივაა.
“არ მინდა მოლოდინები გავაჩინო საქართველოში, მაგრამ ეს არცთუ ისე შორეული პერსპექტივაა. ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, ბევრი რამ მათზეც. ეს შეიძლება მოხდეს 2 წელში, შეიძლება მანამდე, შეიძლება უფრო გვიან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.