„ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ოკუპირებული ტერიტორიებია, რასაც ყოველთვის ვახსენებთ რუსეთს“
„რა შედეგი გამოიღო სააკაშვილის ხელისუფლების ხისტმა და რადიკალურმა პოლიტიკამ – მივიღეთ ომი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას რუსეთთან არა შერბილებული, არამედ კონსტრუქციული პოლიტიკა აქვს.
“შერბილებულს ნუ დაარქმევთ ამ პოლიტიკას. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ – ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული და გონივრული პოლიტიკა. შეხედეთ, რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში და რა შედეგი გამოიღო სააკაშვილის ხელისუფლების ხისტმა და რადიკალურმა პოლიტიკამ – მივიღეთ ომი. ამის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, ვერ შეძლო სააკშვილმა. ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ყველგან დავამტკიცეთ, რომ რუსეთთან მიმართებაში აბსოლუტურად შევცვალეთ პოლიტიკა და ჩვენ გვაქვს დაბალანსებული, თუმცა პრინციპული და კონსტრუქციული პოლიტიკა, რაც პირადად ამერიკის პრეზიდენტის, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის მოწონებული. მათი რჩევა იყო, რომ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი უნდა გავაგრძელოთ. რჩევა, რაც ჩვენ ამერიკიდან და ევროპული მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან მივიღეთ – მოგვეხდინა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, იყო ბრძნული რჩევა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, თუმცა, მისივე განცხადებით, რუსეთს ყოველთვის ახსენებენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
“არავის სურს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ჩამოყალიბება. შესაბამისად, ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს, რომ რუსეთთან გვქოდეს დალაგებული, ნორმალური ურთიერთობა. მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული არის ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ რუსეთს. ვეუბნებით, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა მოვახდინოთ პროგრესი. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტერი. არ ვაძლევთ რუსეთს არავითარ საბაბს, რომ საქართველო დაადანაშაულოს რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში “, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან შეუთავსებელი იყო რუსეთის პროვოკაციული ქმედებები.
„არაადეკვატური იყო და შეუთავსებელი ჩვენ მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან რუსეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში. ვგულისხმობ მავთულხლართების ინსტალაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.