დავით უსუფაშვილი აშშ-ის სენატორებს შეხვდა

  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენების მრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტები განიხილეს. ამერიკელმა სტუმრებმა არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული პროცესები პოზიტიურად შეაფასეს. მრჩეველთა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარესთან საკანონმდებლო ორგანოს გაზრდილ როლზეც ისაუბრა და მიესალმა იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პოლიტიკური დიალოგის ძირითად ადგილს წარმოადგენს. ქვეყნის საგარეო მიმართულებებზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება საქართველოს ძირითად საგარეო პრიორიტეტს წარმოადგენს და ნატოს მომდევნო სამიტისგან ქვეყანას კონკრეტული შედეგების მოლოდინი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება საარჩევნო ოლქებს შორის თანაბარი ხმის უფლების საკითხზე გაამახვილა. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ ქვეყნებს ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და თანამშრომლობა კვლავაც ნაყოფიერად გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის შესაძლოა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება დაიწყოს, რაც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა ამერიკელ სტუმრებს აშშ-ის მხრიდან გაწეული საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის. სამუშაო ვიზიტად მყოფი მრჩეველთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები