„რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ზეწოლის ნაკლები ბერკეტი აქვს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ მხარეებს და ექსპერტთა წრეებს მოუწოდებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გადაჭარბებულად ნუ ისაუბრებენ და საზოგადოებას პანიკაში ნუ ჩააგდებენ, – ამის შესახებ ღარიბაშილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
“მინდა ყველას მოვუწოდო, იქნება ეს ოპოზიცია, ხელისუფლების წარმომადგენელი, ექსპერტი თუ ასე შემდეგ, რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე გადაჭარბებულად საუბარი არასწორად მიმაჩნია. ჩვენ საფრთხეები იდენტიფიცირებული გვაქვს, პოტენციურად რეალურიც და თეორიული საფრთხეებიც, თითოეული მათგანი კარგად გაცნობიერებულია. გადაჭარბებული შეფასებები მოვისმინე და ეს მიმაჩნია არასწორად. მოსახლეობა ზედმეტად არ უნდა დაიძაბოს, არ სჭირდება ეს მოსახლეობას. გვეყო, რა დაძაბულობაც გვქონდა 9 წლის განმავლობაში – მუდმივი ისტერიკა, მუდმივი რადიკალიზმი “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელსაც ისინი ისევ აგრძელებენ და სურთ ეს რადიკალიზმი და შფოთი ჩვენთანაც შემოიტანონ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ზეწოლის ნაკლები ბერკეტი აქვს.
“ამ სიტუაციაში ემოციების დრო არ არის, ჩვენ გვჭირდება ცივი გონებით აზროვნება, პრაგმატული მიდგომა, გონივრულობა და ცოტა სიბრძნეც. საფრთხეები, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ ჩვენ ზედმეტად არ უნდა გადავაფასოთ აღნიშნული. რუსეთს საქართველოზე ნაკლები ბერკეტები აქვს, თანაც მოსახდენი უკვე მოხდა 2008 წელს – ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომელიც, ვფიქრობ, რუსეთისთვის მძიმე ტვირთია და მას ეს არ სჭირდებოდა, რადგან ესაა მისი საერთაშორისო იმიჯის განმსაზღვრელი… მიმაჩნია, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციას ემბარგოს აღარ დაადებს, მაგრამ თეორიულადაც რომ ვიმსჯელოთ და დავუშვათ, ეს მოხდა, ამას არ ექნება იგივე ნეგატიური ეფექტი, როგორიც 2006 წელს – მას შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ დივერსიფიცირება და სხვადასხვა ბაზრები ავითვისეთ, რა მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.