ღარიბაშვილი უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს, „ავანტიურისტ“ სააკაშვილის რჩევებს არ დაუჯეროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას აფრთხილებს, მიხეილ სააკაშვილის რჩევებს არ დაუჯეროს. ღარიბაშილი ყოფილ პრეზიდენტს “ავანტიურისტს” უწოდებს.
“გაოცებული ვარ პირდაპირ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს?! მე მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული. არ მინდა მათ საქმეში ჩავერიო, მაგრამ, როცა უშიშროების მინისტრი ესაუბრება მას და რჩევებს ეკითხება, მე მგონი შეცდომაა და მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი, პროვოკაციას პირდაპირ წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როცა კრიზისულ ვითარებაში ასეთი ავანტიურისტი გყავს მრჩევლად, მე მგონი, ესაა დიდი შეცდომა. მე დავინახე, რომ სააკაშვილი მარტო არაა იქ ჩასული. როგორც მეუბნებიან, მას ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა, რომელსაც, სხვათა შორის, საინტერესო წარსული აქვს, იგივე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის “კა-გე-ბეს” ყოფილი პოლკოვნიკია და “ყოფილები” ხომ იცით, არ არსებობენ მაგ სფეროში. მე უბრალოდ, მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, რომ ნაკლებად დაუჯერონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, რადგან მეეჭვება დავიჯერო, რომ ის სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვის ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი გია ბარამიძეა. მისივე თქმით, უკრაინის ახალი ხელისუფლება ასევე აპირებს მრჩევლად დანიშნოს ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია.
“შეიძლება მეგობრულად გავაფრთხილო და ვურჩიო უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია, მისი რადიკალური ხასიათი, მისი ავანტიურისტული მიდგომები საკითხებისადმი. მეუბნებიან, რომ გია ბარამიძე ჰყავთ შს მინისტრის მრჩევლად. გუშინ მითხრეს, რომ ზურაბ ადეიშვილი ჩაჰყავთ ასევე მრჩევლად და დათა ახალაია იქნება მეორე მრჩეველი. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგს გამოიღებს. ჩვენ ეს ადამიანები გამოვცადეთ საკუთარ თავზე და ვნახეთ, რა კატასტროფამდე მიიყვანეს მათ ქვეყანა. კრიზისის დროს ასეთი ადამიანების გვერდით ყოლა ესაა საკუთარი თვითმკვლელობის ტოლფასი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერის შეფასებით, სააკაშვილი კრიზისული სიტუაციებითა და რადიკალიზმით იკვებება და ცუდად არის იქ, სადაც სტაბილური სიტუაციაა.
“მას სურს ეპიცენტრში იყოს და იქ პროცესები მართოს. ის იკვებება პროვოკაციებით. სააკაშვილი ცუდად არის იქ, სადაც სიტუაცია არის მშვიდი და სტაბილური. ეს მისი ხასიათიდან კარგად იკვეთება, რომ ადამიანს არ სურს სტაბილურობა, ასეთი პიროვნებაა, ეს დაამტკიცა არაერთგზის. ის იკვებება პროვოკაციებით, კრიზისებით და რადიკალიზმით და ასეთი რადიკალების მრჩევლებად მიყვანა  კატასტროფული შედეგის მომტანია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები