„კეზერაშვილის შემთხვევაში სამართალს აუცილებლად მივაღწევთ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის სასამართლოს მიერ კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარის თქმა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებად შეაფასა. ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის – დავით კეზერაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყველაფერი სწორად გააკეთა.
“მე მქონდა საუბარი პროკურატურასთან და, ვფიქრობ, ეს შეფასებები გადაჭარბებულია. დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბარი, თან საფრანგეთის სასამართლოზე, ძალიან რთულია და არ მსურს ამაზე სპეკულაციები. მე ვიცი, რომ რაც ჰქონდა გაკეთებული საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჰქონდა გაკეთებული სწორად. დანარჩენი ისაა, რომ მხარეს წარმოადგენდა საფრანგეთის პროკურატურა საფრანგეთის სასამართლოსთან”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განმარტებით, საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.
“ეს პროცესი არ დამთავრებულა. კეზერაშვილის პროცესი მიმდინარეობს ჩვენს სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, მის შემთხვევაში სამართალს აუცილებლად მივაღწევთ, ვინაიდაც კეზერაშვილს უკავშირდება ძალიან მძიმე დანაშაულები. ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრი სხვა საქმე არსებობს, რომელშიც კეზერაშვილი მონაწილეობდა და ტყუილად უხარია “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ეს პროცესი მათ მოიგეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.