„აშშ-ში იციან, რაც ხდებოდა ციხეებში და ციხეების გარეთ“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ციხეებში და გარეთ, ასევე სასამართლოში.
„აშშ-ში ძალიან კარგად იციან, რა ვითარება იყო საქართველოში, იგივე ადამიანის უფლებების კუთხით, ეს პრივატულ საუბრებშიც აღნიშნეს. იცოდნენ იმ მძიმე შემთხვევების შესახებაც – ადამიანის უფლებების დარღვევის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, რაც ხდებოდა ციხეებში და ციხეებს გარეთ. ძალიან კარგად იციან, რომ სასამართლოში პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, ისინი ძალიან აფასებენ ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგებს, – მედიის თავისუფლების გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების , ზოგადად, პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღების კუთხით. თუნდაც სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს თავისუფლების უზრუნველყოფის პირობა დადო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის უკომპრომისო იქნება იმ ადამიანებთან ბრძოლაში, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას შეეცდებიან.
„მე იქ კუბლაშვილის ფრაზის ციტირება მოვახდინე, მან თქვა, რომ „სასამართლო საქართველოში დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არასოდეს არ ყოფილა“. მე ეს სიამაყით გავიმეორე. ეს არის სასამართლოს გამარჯვება. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შეკითხვები, რომ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეგავლენის ქვეშ არის და ისინი ახდენენ ზეწოლას, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები დღითიდღე გაითავისებენ და იგრძნობენ თავისუფლების ფასს. ჩვენ სასამართლოს სრულ თავისუფლებას და კომფორტს ვთავაზობთ. ასევე ნულოვან ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი შტოს მხრიდან, გაბედოს და ვინმე ჩერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მე ვიქნები პირველი უკომპრომისო ამ ადამიანებთან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები