2014 წელს შიდსით დაინფიცირების ყველაზე ბევრი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აივ-ვირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია.
IDFI აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2006-2012 წლებში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს 3641 რეგისტრირებულ შემთხვევას მიაღწია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3298-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წლის ბოლოს ეს ციფრი 281-ით არის გაზრდილი. ინსტიტუტის ცნობითვე, მიუხედავად იმისა, რომ 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, ბოლო 8 წლის განმავლობაში 2014 წელს აივ-ვირუსით დაინფიცირების ყველაზე ბევრი ახალი შემთხვევა (564) ფიქსირდება.
„2012 წელთან შედარებით 2013 წელს გამოვლენილი ახალი შემთხვევების 7%-ით კლება დაფიქსირდა. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ გაზრდილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელიც აივ-ვირუსით დაავადებული პირების უფასო ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას ითვალისწინებს. 2014 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯებმა 4 103 711 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები