დავით ნარმანია “თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის “მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება” შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა თვითმმართველი ქალაქების მერებთან მათი თანამშრომლობის შედეგები წარადგინეს და იმ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელება, მათი თქმით, კომფორტულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში.
როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა გამჭვირვალე მმართველობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
„ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თვითმმართველ ქალაქებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში მათ ჩართვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ მათ უნდა გვიკარნახონ, როგორი ქალაქი სჭირდებათ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში განხორციელდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მათი ქალაქის არჩეულ მერთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლეს.
პროექტის შედეგების პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და პროექტში ჩართული სტუდენტები ესწრებოდნენ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები