MCA – საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი –საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა 2013 წელს ჩატარებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს და კომპაქტის ძალაში შესვლისთვის გაწეულ სამუშაოებს გაეცნენ. სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების, ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამების დანერგვისთვის პარტნიორი უნივერსიტეტების შერჩევის მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო ტენდერის შედეგებზე. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარი გამოუყო. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. აქცენტი კეთდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე.