მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა

   საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, პრემიერის უფლებამოსილებების გაფართოებასთან ერთად, საჭირო გახდა ისეთი რგოლის არსებობა, რომელიც უშუალოდ გაუწევდა კოორდინაციას ნებისმიერი ტიპის სამთავრობო გეგმებს და შემდეგ სამთავრობო გეგმებისა და პროექტების შესრულებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფდა. “ ჩვენ გადავდივართ ევროპული სტილის მოწყობაზე. ადმინისტრაციაში გავაკეთეთ პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ გააერთიანებს ყველა სამთავრობო უწყების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმებს. უშუალოდ ჩვენი მონაწილეობით, მათთან მუშაობის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ქვეყნის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განვახორციელებთ მონიტორინგს სამინისტროების მუშაობის პროცესზე. ასევე ვაყალიბებთ ინოვაციების სამმართველოს, რომელიც მიზნად ისახავს პრემიერის ნებისმიერი ტიპის ინიციატივის შესრულებაზე ზედამხედველობას და პროექტის წამოწევას. გაერთიანდა და დაიყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტი და უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებასთან მთავრობის კომუნიკაცია. დეპარტამენტი კოორდინაციას გაუწევს სამთავრობო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს სამთავრობო გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას, ეფექტური იქნება გუნდური მუშაობისთვის, ასევე ასეთი ტიპის ადმინისტრაციული მოწყობა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე ოპერატიულ მართვაში დაეხმარება“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან, გაეროსა და USAID-თან ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შემუშავებულია ევროპული ქვეყნების ტიპის დებულება. გარდა ამისა, შექმნილია სამუშაო აღწერილობები კადრების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად მთავრობის ადმინისტრაციაში ღია კონკურსები გამოცხადდება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეც განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები