მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინაში სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა კვაკუ ანინგმა მინისტრის მოადგილეს, საქართველოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ქვეყნის ჩარჩო პროგრამა გადასცა. (CPF – Country Program Framework).
სამინისტროს ცნობით, პროგრამა წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და წევრ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის საშუალოვადიანი დაგეგმისთვის და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, სადაც ბირთვული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური თანამშრომლობის რესურსების გადაცემის გზით მიღწეული იქნება შესაბამისი ეროვნული მიზნები.
საქართველოს ახალი ჩარჩო – პროგრამა გაწერილია 2015-2019 წლებისთვის და ფარავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა (ბირთვული მედიცინა და რადიოთერაპია), რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და ბირთვული დანადგარების დეკომისირება. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოში ასევე განხილული იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ძირითადი ყურადღება დაეთმო ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოწყობის, არსებული სამარხისა და საცავის ინსტიტუციური მართვის საკითხებს.
ქალბატონმა მაია ბითაძემ საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის. საქართველოს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციული, ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების, იურიდიული, ბირთვული უსაფრთხოების, ბირთვული ენერგიისა და ბირთვული საწვავის ციკლის და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.