ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბიზნესმენებს კახეთის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო

სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების პოტენციალი, მინერალური – სამკურნალო წყლის უნიკალური რესურსი, თიხის დიდი მარაგი, აგურის, რკინა-ბეტონის წარმოებისა და ტყავის გადამუშავების რესურსი, მეფრინველეობის განვითარების პერსპექტივები,- კახეთის ეკონომიკური პოტენციალი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კახეთის რეგიონის ბუნებრივ რესურსებზე, მის ეკონომიკურ – ტურისტულ პოტენციალზე და ბიზნესმენებს საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ რეალური საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ კახეთში საინტერესო ბიზნესპროექტები განხორციელდეს. დღეს რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 224 მილიონი ლარია. ინვესტიციები ჩაიდო თელავში, საგარეჯოში, სიღნაღში, ყვარელში, ახმეტაში სასტუმროების მშენებლობის, ღვინის წარმოების, ნავთობის მოპოვების და სხვა მიმართულებით. ჩვენი მთავრობის პოლიტიკამ, ბიზნესის ხელშეწყობამ, თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა ინვესტიციების ზრდის ტენდენცია რეგიონში. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ბიზნესმენებს, რომ დაინტერესდნენ ამ შესანიშნავი მხარით და აქ განახორციელონ მათთვის საინტერესო ბიზნესპროექტები”,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, ჩაიდო ენერგეტიკაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, ვაჭრობასა და განათლებაში, კომუნალურ მომსახურებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში გაცემულია 10 ათას 122 სესხი – საერთო ღირებულებით 443 მილიონზე მეტი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 34 ახალი საწარმო, რომლებისთვისაც გაიცა 21 მილიონი ლარის სესხი. გარდა ამისა, გადაიარაღდა 267 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 53 მილიონ 680 ათასი ლარი”, – განაცხადა პრემიერმა.
მანვე ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში კახეთში მოიხნა 88 ჰექტარზე მეტი მიწა, ხოლო 2013-2014 წლებში 209 ათას 829 ბენეფიციარმა მიიღო 43 მილიონზე მეტი ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 6 მილიონი ლარის სარგებელი მიწის სამუშაოების სახით. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 99 ათას 591 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 9-მილიონ-ნახევარზე მეტი ლარის ღირებულების სარგებელი. “მთავრობის ამ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა – 2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები