„ბებერი ქალბატონი“ ქალბატონების მხარდასაჭერად – „ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!“

 „ბებერი ქალბატონი“ ქალბატონების მხარდასაჭერად – ასე ჰქვია აქციას, რომელიც, ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალური ფანკლუბის ორგანიზებით, რესტორან „ბარაკონში“ დღეს, 14 აპრილს, 22:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბი აგრძელებს ტრადიციას და ამართლებს ყველაზე ქველმოქმედი ფანკლუბის სტატუსს. ამ კეთილ საქმეში ფანკლუბს, ტრადიციულად, გვერდში უდგას რესტორანი “ბარაკონი”, რომელიც სტუმრად მოწვეული ქალბატონების მასპინძელი იქნება. ძუძუს კიბოს თერაპიის ხელმისაწვდომობისათვის საინფორმაციო კამპანია, რომლის ორგანიზატორია პაციენტთა ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველო” დაიწყო. კამპანიის სახელწოდებაა: “სამიზნე სიცოცხლისთვის”. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. სტუმრად გვეყოლება 20 ქალბატონი, რომლებიც ამ დაავადებას ებრძვის და ჩვენთან ერთად უგულშემატკივრებს „იუვენტუსს“. ყველა ქალბატონს საჩუქრად გადაეცემათ სამკურნალო, ნატურალური მწვანე ჩაი კომპანია “გურიელისგან”. ღონისძიების დასასრულს „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პეტიციას“ მოეწერება ხელი. პეტიციის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ამავე დღეს შემუშვდა კამპანიის მხარდამჭერი პეტიცია და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. კამპანიის მიზანია გაზარდოს საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ქალებში სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად 1 000 000 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და 900 000 ქალი იღუპება ამ დაავადებით. რვიდან ერთი ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის თვალსაზრისით ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. არსებობს ძუძუს კიბოს სხვადასხვა ტიპი. ქალებმა არ უნდა დაკარგონ ძვირფასი დრო და სიცოცხლე იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1200-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 800-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 800 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით. დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც – „დამიზნებითი თერაპია“. რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. საქართველოში დამიზნებითი თერაპია არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. „ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები