მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად, „კვირას“ პარტნიორობით, „ახუნდოვ ჰაუსში“ სტუდენტური არტ – ფოტოგამოფენა გაიმართება

აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის – „ ახუნდოვ ჰაუსის“ არტგალერეაში, 15 აპრილს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით, თსუ-ს სტუდენტები არტ – ფოტოგამოფენას – „forever in my mind“ გამართავენ. გამოფენა სიყვარულის დღეს მიეძღვნება, ნამუშევრებით შემოსული თანხა კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცემა. საქველმოქმედო ღონისძიების პარტნიორები საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“, „არენა“, „ფოტოპლაზა“, „ერგოლაინი“, „მოძრაობის თეატრი“ და „სოკარი“  არიან.
სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება შესაბამის თემატიკას მოიცავს  და  არტგალერეაში მოსულ დამსწრე საზოგადოებას, სტუდენტების თვალით დანახული და ფოტოში გაცოცხლებული, სიყვარულის ამსახველი კადრები უმასპინძლებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ნამუშევრები სიმბოლურ ფასად – 35 ლარად გაიყიდება.   ნამუშევრებიდან შემოსული თანხა კი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
„ახუნდოვ ჰაუსის“ არტგალერეის დირექტორი არჩილ ბეჟანიშვილი  „კვირას“ გამოფენის შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, „ახუნდოვ ჰაუსი“ ყოველთვის მზად არის, საქველმოქმედო ღონისძიებებს და მასში მონაწილე ნიჭიერ შემოქმედებს ასპარეზი დაუთმოს.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი არტგალერეა ასეთ ღონისძიებას მასპინძლობს. ამით ასპარეზს ვაძლევთ ნიჭიერ მოყვარულ ფოტოგრაფებს და ვერთვებით საქველმოქმედო ღონისძიებაში. გამოფენის მონახულება მსურველებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ“,- განაცხადა არჩილ ბეჟანიშვილმა.
დაგეგემილია თემატიკის შესაბამისი, მუსიკალური საუნდტრეკის პრეზენტაციაც. არტ – ფოტო გამოფენის -„forever in my mind“  ფარგლებში, გამოვლინდება 3 ნომინაცია, საუკეთესო ფოტოს ავტორი კი სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდება.10169315_962050623839782_8780905804568518545_n
გარდა მუსიკალური საუნდტრეკებისა, საღამო თეატრალურადაც გაფორმდება. როგორც „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა განმარტა, საღამოს მოძრაობის თეატრი თეატრალური სკეტჩებით გააფორმებს. „კვირას“ კომერციული დირექტორის განცხადებით, საინფორმაციო პორტალი ღონისძიებას სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს.
„საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ მრავალ საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს. საღამოს მოძრაობის თეატრი თეატრალურად გააფორმებს, „კვირა“ კი მას სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს. იმედს ვიტოვებთ, რომ ნამუშევრები წარმატებით გაიყიდება და საშუალება მოგვეცემა, ამით იმ პატარებს გავულამაზოთ ყოფა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“,- განაცხადა ანა ჩანგიანმა.
გამოფენაზე თსუ-ს 7 სტუდენტის 11 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. როგორც თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის დებატკომის ხელმძღვანელმა ტატო ირემაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა,  აუცილებელია, სტუდენტები ხელოვნების სხვადასხვა პროექტში, მით უფრო, თუ ის ქველმოქმედებას ეხება, აუცილებლად დიდი დოზით უნდა მონაწილეობდნენ.
„ ღონისძიებას ორგანიზებას სტუდენტური თვითმმართველობა უწევს და მასში თსუ-ს სტუდენტები არიან ჩართულნი.  წარმოდგენილი იქნება ჩვენი მოყვარული ფოტოგრაფების, სტუდენტების მიერ გადაღებული 11 ფოტო. თითო ნამუშევარი 35 ლარად გაიყიდება, შემოსული თანხა კი საბავშვო სახლს გადაეცემა. ვისურვებდი, რომ  ახალგაზრდების მხრიდან ხელოვნების სხვადასხვა პროექტში მეტი ჩართულობა იყოს, მით უფრო, თუ პროექტი საქველმოქმედოა“,- განაცხადა ტატო ირემაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები