თამარ ბერუჩაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მსგავსი დონის შეხვედრა თბილისში პირველად ჩატარდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები, გეგმიურ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მართავენ. თუმცა ამჯერად თბილისში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსვლა გადაწყდა.
ვიზიტის მიზანია, ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერიოდში მომხდარ განვითარებებს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებელ პროცესს და განსაზღვრონ საქართველოსათვის შემდგომი დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები.
სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და წარმოადგენს საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას. სპეციალური წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, ასევე შევხდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს. დღის განმავლობაში ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, იქ არსებულ სიტუაციას. ადგილზე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, მედიის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.